მეორე კორინთელთა მიმართ, თავი 7
ამრიგად, რაკი ეს აღთქმანი გვაქვს, საყვარელნო, განვიწმიდოთ ხორცისა და სულის ყოველგვარი მწიკვლისაგან და სრულვყოთ სიწმიდე ღვთის მოშიშებით.
შეგვითვისეთ: არავის მოვქცევივართ უსამართლოდ, არავისთვის გვივნია რამე და არც ანგარება გამოგვიჩენია ვისიმე მიმართ.
განსაკითხავად როდი ვამბობ: ვინაიდან უწინაც მითქვამს, რომ ჩვენს გულებში ხართ, რათა ერთად მოვკვდეთ და ერთად ვიცოცხლოთ.
დიდი იმედი მაქვს თქვენი, დიდად ვიქადი თქვენით; ნუგეშითა ვარ სავსე და, მთელი ჩვენი გაჭირვების მიუხედავად, სიხარულით ვარ აღვსილი.
რადგანაც მაკედონიაში ჩასვლისას ვერავითარი სიმშვიდე ვერ ჰპოვა ჩემმა ხორცმა, არამედ ყოველი მხრიდან შევიწროებულნი ვიყავით: გარედან - თავდასხმები, შიგნით კი - შიში.
მაგრამ მდაბალთა მანუგეშებელმა გვანუგეშა ჩვენ ღმერთმა ტიტეს მოსვლით;
და არა მარტო მოსვლით, არამედ ნუგეშითაც, რომლითაც ნანუგეშები იქნა ჩვენგან, - როცა გადმოგვცა თქვენი სურვილი, თქვენი გოდება, თქვენი თავგამოდება ჩემს მიმართ, ასე რომ, უმეტესად გავიხარე.
ამიტომ, თუ ჩემი წერილით დაგამწუხრეთ, არ ვნანობ, თუმცა კი ლამის ვინანე, რადგანაც ვხედავ, რომ ჩემმა წერილმა დაგამწუხრათ, თუნდაც დროებით.
ახლა კი ვხარობ, არა იმიტომ, რომ დამწუხრდით, არამედ იმიტომ, რომ სინანულისათვის დამწუხრდით; რადგანაც დამწუხრდით ღვთის გულისათვის, ისე, რომ არა გვნებიათ რა ჩვენგან.
ვინაიდან წუხილი ღვთის გულისათვის დასაბამს აძლევს სინანულს, ამქვეყნიური წუხილი კი სიკვდილის დასაბამია.
რადგანაც, აი, იმავე მწუხარებამ ღვთის გულისათვის რამდენი რამ გამოიწვია თქვენში: როგორი გულმოდგინება და თავის მართლება, როგორი გულისწყრომა და შიში, როგორი სურვილი, მოშურნეობა თუ შურისგება; ყოველმხრივ წმიდად წარმოაჩინეთ თავი ამ საქმეში.
ასე რომ, თუკი მოგწერეთ, შეურაცხმყოფელისა და შეურაცხყოფილის გამო როდი მოგწერეთ, არამედ რათა გამოჩენილიყო თქვენი გულმოდგინება ჩვენს მიმართ ღვთის წინაშე.
ამიტომაც ვინუგეშეთ თავი თქვენი ნუგეშით და უმეტესად გავიხარეთ ტიტეს სიხარულით, რადგანაც ყველამ მოუფონეთ მის სულს.
ამრიგად, თუკი თქვენს გამო რაიმე დავიქადე მის წინაშე, არ შევრცხვენილვარ; არამედ, როგორც ყველაფერს ჭეშმარიტად გეუბნებოდით, ჭეშმარიტი აღმოჩნდა ჩვენი სიქადულიც ტიტეს მიმართ.
თქვენდამი სიყვარულით ევსება გული, როცა იხსენებს თვითეული თქვენგანის მორჩილებასა და იმას, თუ როგორი მოშიშებით და თრთოლვით მიიღეთ იგი.
ამრიგად, მოხარული ვარ, რომ შემიძლია ყველაფერში მოგენდოთ.
ესე რაჲ უკუე გუქონან აღთქუმანი, საყუარელნო, განვიწმიდნეთ თავნი ჩუენნი ყოვლისაგან შეგინებისა ჴორცთაჲსა და სულისა და აღვასრულებდეთ სიწმიდესა შიშითა ღმრთისაჲთა.
შემინდვეთ ჩუენ: არავის რაჲ ვავნეთ, არავინ განვხრწენით, არავინ მოვიანგაჰრეთ.
არა დასაშჯელად ვიტყჳ, რამეთუ წინაწარ ვთქუ, ვითარმედ: გულთა შინა ჩუენთა ხართ, თანა-მოსიკუდიდ და თანა-ცხორებად.
მრავალი კადნიერებაჲ მაქუს თქუენდა მიმართ, მრავალი სიქადული თქუენთჳს, სავსე ვარ ნუგეშინის-ცემითა, გარდამრევიეს სიხარული ყოველთა ზედა ჭირთა ჩუენთა.
და რამეთუ რაჟამს მოვედით ჩუენ მაკედონიად, არცა ერთი რაჲ ლხინებაჲ აქუნდა ჴორცთა ჩუენთა, არამედ ყოვლითავე ვიჭირვოდეთ: გარეშე - ბრძოლანი, შინაგან - შიშნი.
არამედ რომელმან-იგი ნუგეშინის-სცის მდაბალთა, ნუგეშინის-მცა ჩუენ ღმერთმან მოსლვასა მას ტიტესსა;
არა ხოლო მოსლვითა მისითა, არამედ ნუგეშინის-ცემითა მით, რომლითა ნუგეშინის-ცემულ იქმნა თქუენ ზედა: მითხრობდა ჩუენ თქუენსა მას სურვილსა, თქუენსა მას გოდებასა, თქუენსა მას შურსა ჩუენთჳს, ვიდრეღა მე უფროჲსად განვიხარე.
რამეთუ დაღათუ შეგაწუხენ თქუენ წიგნითა მით, არა ვინანი, დაღათუმცა ვინანდი; ვხედავ, რამეთუ წიგნმან მან დაღათუ შეგაწუხნა თქუენ, ჟამ ერთ.
აწ მიხარის, არა თუ რომელ შესწუხენით, არამედ რამეთუ შესწუხენით სინანულად; და რამეთუ ღმრთისათჳს შესწუხენით, რაჲთა არარაჲთ იზღვინეთ ჩუენგან.
რამეთუ ღმრთისა მიერი იგი მწუხარებაჲ სინანულისა ცხორებისასა შეუნანებელსა შეიქმნს, ხოლო სოფლისა ამის მწუხარებაჲ სიკუდილსა შეიქმს.
რამეთუ აჰა ესერა მანვე ღმრთისა მიერმან მწუხარებამან მაგან თქუენმან რაოდენი შექმნა თქუენ შორის სწრაფაჲ, რაოდენი სიტყჳს-გებაჲ, რაოდენი შერისხვაჲ, რაოდენი შიში, რაოდენი სურვილი, რაოდენი შური, რაოდენი შურის-გებაჲ, რაოდენი მომადლებაჲ, გინა რაოდენი ლხინი! ყოველსა შინა წარუდგინენით თავნი თქუენნი წმიდად საქმესა მას.
და ღაცათუ მივწერე თქუენდა, გარნა არა სამე მავნებელისა მისთჳს, არცა ვნებულისა, არამედ ამისთჳს, რაჲთა გამოჩნდეს მოსწრაფებაჲ თქუენი ჩუენდა მომართ წინაშე ღმრთისა.
ამისთჳს ნუგეშინის-ცემულ ვართ ნუგეშინის-ცემასა მას თქუენსა ზედა; უმეტესადღა და უფროჲს განვიხარეთ სიხარულსა მას ზედა ტიტესსა, რამეთუ განსუენებულ არს სული მისი თქუენ ყოველთაგან.
რამეთუ რაჲცა-იგი მისა მიმართ ვიქადე თქუენთჳს, არა მრცხუენა, არამედ ვითარცა ყოველსავე ჭეშმარიტებით გეტყოდეთ თქუენ, ეგრეთცა სიქადული იგი ჩუენი ტიტეს მიმართ ჭეშმარიტ იქმნა.
და მოწყალებაჲ მისი უმეტესადღა თქუენდა მიმართ არს, მოეჴსენების თქუენ ყოველთა იგი მორჩილებაჲ, ვითარ-იგი შიშით და ძრწოლით შეიწყნარეთ იგი.
მიხარის, რამეთუ ყოვლითავე კადნიერ ვარ თქუენ შორის.