მეორე კორინთელთა მიმართ, თავი 11
რა იქნება, ცოტათი მაინც რომ იტანდეთ ჩემს უგუნურებას?! მაგრამ ამიტანეთ.
რადგანაც საღვთო შურით მშურს თქვენთვის, ვინაიდან დაგწინდეთ ერთ კაცზე, რათა უბიწო ქალწულად წარგადგინოთ ქრისტეს წინაშე.
მაგრამ ვშიშობ, როგორც გველმა თავისი ზაკვით აცთუნა ევა, ვაითუ თქვენი გონებაც ასევე შეირყვნას და განეშოროს ქრისტესმიერ სიწმიდეს.
რადგანაც თუ მოვიდა ვინმე, რათა გიქადაგოთ სხვა ქრისტე, რომელიც ჩვენ არ გვიქადაგია, ან მიგაღებინოთ სხვა სული, რომელიც არ მიგიღიათ, ან კიდევ - სხვა სახარება, რომელიც არ გხარებიათ, - დიახაც შეიწყნარებთ მას.
მაგრამ, ვფიქრობ, არაფრითა ვარ ესოდენ მაღალ მოციქულებზე ნაკლები.
მართალია, უბირი ვარ სიტყვით, მაგრამ არა ცოდნით; თუმცა აკი მშვენივრად მიცნობთ.
ნუთუ შევცოდე, რომ თავი დავიმდაბლე, რათა ამემაღლებინეთ, რაკიღა უსასყიდლოდ გახარებდით ღვთის სახარებას?
სხვა ეკლესიებს ვაკლებდი და სანოვაგეს ვიღებდი მათგან, რომ თქვენ მოგმსახურებოდით; ხოლო თქვენს შორის ყოფნისას, თუმცა მიჭირდა, არავისთვის შემიწყენია თავი.
რადგანაც ჩემი ნაკლულება შეავსეს მაკედონიიდან მოსულმა ძმებმა; თუმცა, სხვა მხრივაც, ისე გამქონდა თავი, რომ არ შემიწუხებიხართ, და კვლავ გავიტან.
ქრისტეს ჭეშმარიტება ნუ მომეშალოს, რომ ამ სიქადულს ვერვინ წამართმევს აქაიის ვერცერთ მხარეში.
რატომ? იმიტომ, რომ არ მიყვარხართ? ღმერთმა ხომ იცის!
მაგრამ რასაც ახლა ვაკეთებ, იმასვე გავაკეთებ, რათა საბაბი არ მივცე საბაბის მძებნელთ, და ამრიგად, რითაც იქადიან, იმითაც ჩვენი მსგავსნი აღმოჩნდნენ.
რადგანაც ასეთნი არიან ცრუმოციქულნი, ზაკვის მოქმედნი, ქრისტეს მოციქულებად გარდასახულნი.
თუმცა რა გასაკვირია, თვით სატანაც ხომ სინათლის ანგელოზის სახეს იღებს.
ჰოდა, რა დიდი საქმეა, რომ მისი მსახურნიც სიმართლის მსახურთა სახეს იღებენ? მაგრამ მათივე საქმისამებრ იქნება მათი აღსასრულიც.
კვლავაც ვიტყვი: ნურავინ მიმიჩნევს უგუნურად, თუ არა და, ისე მაინც მიმიღეთ, როგორც უგუნური, რათა ცოტა რამ მეც მქონდეს სასიქადულო.
რასაც ვამბობ, ამნაირად რომ ვიქადი, უფლის მიხედვით როდი ვამბობ, არამედ უგუნურებით.
რაკიღა ბევრი იქადის ხორციელად, მეც შემიძლია ვიქადოდე.
რადგანაც თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ.
იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში.
სირცხვილით ვამბობ, თითქოსდა ჩვენც დავუძლურდით; მაგრამ თუ ვინმე ბედავს დაიქადოს, უგუნურებით ვიტყვი: მეც ვბედავ.
ებრაელები არიან? მეც; ისრაელიტები არიან? მეც; აბრაამის თესლი არიან? მეც;
ქრისტეს მსახურნი არიან? უგუნურებით ვიტყვი: მე - უმტესად; შრომით - უმეტესად, გვემით - უმეტესად, დილეგში გდებით უმრავლესად, სიკვდილის მუქარით - უხშირესად.
იუდეველთაგან ხუთგზის ვიწვნიე ორმოცი დარტყმა, ერთის დაკლებით.
სამჯერ გამჯოხეს, ერთხელ ჩამქოლეს, სამჯერ გემი დამემსხვრა, დღე და ღამე უფსკრულში დავყავი.
ერთავად გზებზე ვიყავი გაკრული, განსაცდელი მდინარეებზე, განსაცდელი ყაჩაღთაგან, განსაცდელი თვისტომთაგან, განსაცდელი წარმართთაგან, განსაცდელი ქალაქში, განსაცდელი უდაბნოში, განსაცდელი ზღვაზე, განსაცდელი ცრუ ძმათა შორის.
შრომით და რუდუნებით, ხშირი ღამის თევით, შიმშილით და წყურვილით, მრავალგზისი მარხვით, სიცივით და სიშიშვლით.
გარდა ამისა, ჩემი ყოველდღიური საფიქრალი - ზრუნვა ყველა ეკლესიაზე.
ვინ უნდა დაუძლურდეს, რომ მასთან ერთად არ დავუძლურდე? ვინ უნდა დაეცეს, რომ ცეცხლი არ შემომენთოს?
თუ საჭიროა სიქადული, შემიძლია ჩემი უძლურებით დავიქადო.
ღმერთმა და ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მამამ, რომელიც კურთხეულია უკუნითი უკუნისამდე, იცის, რომ არ ვცრუობ.
დამასკოში არეტა მეფის მთავარს მეთვალყურენი ჩაეყენებინა მთელ ქალაქში, რადგანაც ჩემი შეპყრობა სურდა.
მაგრამ სარკმლიდან გოდრით ჩამომიშვეს გალავნის ჩასწვრივ, და ამრიგად დავუსხლტი მას.
ჯერ-იყო, თავს-თუმცა-იდევით ჩემი მცირედ უგუნურებისაჲ, არამედ თავს-ცა-იდვათ ჩემი,
რამეთუ გაშურებ თქუენ ღმრთისა შურსა, რამეთუ მიგათხოვენ თქუენ ერთსა მამაკაცსა ქალწულად წმიდად წარდგინებად ქრისტესა.
ხოლო მეშინის, ნუუკე ვითარცა-იგი გუელმან აცთუნა ევა ზაკულებითა თჳსითა, ეგრეთცა განხრწნნეს გონებანი თქუენნი სიწრფოებისაგან ქრისსტეს მიმართ.
უკუეთუ რომელი-იგი მოვიდეს და სხუასა იესუს ქადაგებდეს, რომელი არა ვქადაგეთ, გინა სხუაჲ სული მოაქუნდეს, რომელი არა მიიღეთ, გინა სახარებაჲ სხუაჲ, რომელი არა შეიწყნარეთ, კეთილად სამე ჰყავთ.
რამეთუ ვჰგონებ, ვითარმედ არარაჲ დავაკლდი ფრიად მოციქულთა მათ.
და დაღათუ უცებ ვარ სიტყჳთა, არამედ არა ცნობითაცა, არამედ ყოვლითავე განვცხადენით ყოველსა შინა თქუენდა მიმართ.
ანუ ცოდვაჲ-მე რაჲ ვქმენა, რამეთუ თავი თჳსი დავიმდაბლე, რაჲთა თქუენ აჰმაღლდეთ, რამეთუ უსასყიდლოდ სახარებაჲ იგი ღმრთისაჲ გახარე თქუენ?
სხუანი ეკლესიანი წარმოვტყუენენ და მოვიღე საგზალი თქუენდა სამსახურებელად; და მო-რაჲ-ვედ თქუენდა და ნაკლულევან ვიქმენ, არავე-რაჲ ვის თქუენგანსა დაუმძიმე.
რამეთუ ნაკლულევანებაჲ ჩემი აღავსეს ძმათა, მო-რაჲ-ვიდეს მაკედონიაჲთ; და ყოვლითავე დაუმძიმებელად თქუენდა თავი ჩემი დავიმარხე და დავიმარხო.
არს ჭეშმარიტებაჲ ქრისტესი ჩემ თანა, ვითარმედ სიქადული ესე არა დაეყენოს ჩემდა მომართ ადგილთა მათ აქაიაჲსათა.
რაჲსათჳს-მე? რამეთუ არა მიყუართ თქუენ? ღმერთმან იცის. ხოლო რომელსა-ესე ვჰყოფ, და ვყო,
რაჲთა წარვჰკუეთო მიზეზი, რომელთა-იგი ჰნებავს მიზეზი, რაჲთა, რომლითა-იგი იქადიან, იპოვნენ ვითარცა-იგი ჩუენ.
რამეთუ ეგევითარნი იგი ცრუ-მოციქულნი, მუშაკნი ზაკულნი, გარდაიცვალნიან მოციქულად ქრისტესად.
და არა საკჳრველ არს, რამეთუ თჳთ იგიცა ეშმაკი იცვალვისვე ანგელოზად ნათლისა.
არა უკუე დიდ არს, მსახურნიცა თუ მისნი გარდაიცვალნენ ვითარცა მსახურნი სიმართლისანი, რომელთა აღსასრული იყოს საქმეთა მათთაებრ.
კუალად ვიტყჳ: ნუ ვინმე უგუნურად შემრაცხოს მე, უკუეთუ არა, მაშა ვითარცა უგუნური თავს-მიდევით მე, რაჲთა მეცა მცირედ რაჲმე ვიქადო.
რომელსა ესე-ვიტყჳ, არა ვიტყჳ უფლისა მიერ, არამედ ვითარცა უგუნურებით ჯერითა ამით სიქადულისაჲთა.
ვინაჲთგან მრავალნი იქადიან ჴორციელად, მეცა ვიქადოდი.
რამეთუ კეთილად თავს-იდვათ უგუნურთაჲ გონიერთა მაგათ:
რამეთუ თავსცა-იდებთ, უკუეთუ ვინმე დაგიმონებს, უკუეთუ ვინმე შეგჭამს, უკუეთუ ვინმე მიგიღებს, უკუეთუ ვინმე ამაღლდების თქუენ-ზედა, უკუეთუ ვინმე პირსა გცემს.
საკდემელად თქუენდა გეტყჳ, ვითარმედ ჩუენ რეცა მოუძლურდით; რომლითა-იგი ვინმე იკადრებს სიქადულსა, უგუნურებით ვიტყჳ, ვიკადრო მეცა.
ებრაელ თუ არიან? მეცა. ისრაიტელ თუ არიან? მეცა. ნათესავნი თუ აბრაჰამისნი არიან? მეცა;
მსახურნი თუ ქრისტესნი არიან? უუგუნურესადრე ვიტყჳ: უფროჲსღა მე; შრომითა უმეტეს, ტანჯვითა უმეტეს, პყრობილებითა გარდარეულად, სიკუდილთა შინა მრავალ-გზის.
ჰურიათაგან ხუთ-გზის ორმეოცსა ერთი მოკლებული ცემაჲ მოვიღე.
სამ-გზის კუერთხითა ვიეც, ერთ-გზის ქვითა განვიტჳნე, სამ-გზის ნავი დამექცა, ღამე და დღე უფსკრულთა შინა დავყავ.
გზისა სლვანი მრავალ-გზის, ჭირნი მდინარეთანი, ჭირნი ავაზაკთანი, ჭირნი ნათესავთაგან, ჭირნი წარმართთაგან, ჭირნი ქალაქთა შინა, ჭირნი უდაბნოთა ზედა, ჭირნი ზღუათა შინა, ჭირნი ძმათა-მტყუვართაგან,
შრომითა და რუდუნებითა, მღჳძარებითა მრავალ-გზის, შიმშილითა და წყურილითა, მარხვითა მრავალ-გზის, ყინელითა და შიშლოებითა.
გარეშე მისა, რომელი მოიწევის ჩემ ზედა დღითი დღედ, ზრუნვაჲ ყოველთა ეკლესიათაჲ.
ვინ უძლურ არნ, და მე არა უძლურ ვიყვი? ვინ დაჰბრკოლდებინ, და მე არა ვჴურვიდი?
უკუეთუ ჯერ-არს სიქადული, უძლურებისა ჩემისასა ვიქადოდი.
ღმერთმან და მამამან უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესმან იცის, რომელი-იგი არს კურთხეულ უკუნისამდე, რამეთუ არა ვტყუი.
დამასკეს შინა მთავარსა არეტა მეფისასა მოეცვა ქალაქი დამასკელთაჲ, შეპყრობაჲ ჩემი უნდა;
და სარკუმლით სარგნითა გარდავჰჴედ ზღუდესა და განვერი ჴელთაგან მისთა.