ლოცვანი
აპლიკაცია

პირველი თესალონიკელთა მიმართ, თავი 5

1

ხოლო დროთა და ჟამთათვის, ძმანო, არ გჭირდებათ რამეს მოწერა.

2

რადგან თქვენ თვითონაც მშვენივრად იცით, რომ დღე უფლისა მოვა, როგორც მპარავი ღამით.

3

ვინაიდან როცა იტყვიან: მშვიდობა და უშიშობაო, სწორედ მაშინ დაატყდებათ თავზე სიკვდილი, როგორც ტკივილი - მშობიარეს, და ვერ წაუვლენ.

4

მაგრამ თქვენ, ძმანო, ბნელში როდი ხართ, რომ მპარავივით გეწიოთ დღე.

5

რადგან ყველანი ნათლის ძენი ხართ და ძენი დღისა; არა ვართ ღამის, და არც ბნელისა.

6

მაშ, სხვებივით ნუკი მივეცემით ძილს, არამედ ვიფხიზლოთ და ვიღვიძოთ.

7

ვინაიდან მძინარენი ღამით ხვრინავენ და მემთვრალენიც ღამით თვრებიან.

8

ხოლო ჩვენ, რაკი დღის ძენი ვართ, ვიფხიზლოთ და შევიმოსოთ აბჯარი რწმენისა და სიყვარულისა და ჩაფხუტი ხსნის სასოებისა.

9

რადგანაც ღმერთმა რისხვისთვის კი არ შეგვქმნა, არამედ ხსნისთვის ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ,

10

რომელიც მოკვდა ჩვენთვის, რათა, მღვიძარენი თუ მძინარენი, ვცოცხლობდეთ მასთან ერთად.

11

ამიტომაც ნუგეში ეცით და შეაგონეთ ერთიმეორეს, როგორც იქცევით კიდეც.

12

გევედრებით, ძმანო, სცანით მაშვრალნი თქვენს შორის, თქვენი წინამძღვარნი უფალში და თქვენი მოძღვარნი;

13

გამორჩევით გიყვარდეთ ისინი, მათი საქმის გამო; მშვიდობა გქონდეთ ერთმანეთს შორის.

14

ამასაც გევედრებით, ძმანო, დაარიგეთ უწესონი, ანუგეშეთ სულმოკლენი, მხარში ამოუდექით უმწეოთ და დიდსულოვანნი იყავით ყველას მიმართ.

15

თვალი ფხიზლად გეჭიროთ, რომ ბოროტის წილ არავინ მიაგოს ვინმეს ბოროტი, არამედ ყოველთვის ეძებდეთ სიკეთეს როგორც ერთურთის, ისე ყველას მიმართ.

16

მარადის ხარობდეთ.

17

გამუდმებით ილოცეთ.

18

მადლიერნი იყავით ყველაფრისათვის, რადგანაც ესაა თქვენს მიმართ ნება ღვთისა ქრისტე იესოში.

19

ნუ დაშრეტთ სულს.

20

წინასწარმეტყველებას ნუ შეურაცხყოფთ.

21

ყველაფერი გამოსცადეთ; მიენდეთ კეთილს.

22

განერიდეთ ყოველგვარ ბოროტს.

23

თვით მშვიდობის ღმერთმა წვიდა-გყოთ მთელი სისრულით, რათა თქვენი სული, თქვენი სამშვინველი და თქვენი სხეული უმწიკვლოდ იქნეს დაცული ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოსვლისთვის.

24

სარწმუნოა თქვენი მხმობელი, რომელიც აღასრულებს ამას.

25

ძმანო, ილოცეთ ჩვენთვის.

26

მოიკითხეთ ყველა ძმა წმიდა ამბორით.

27

გაფიცებთ უფალს, ყველა ძმას წაუკითხეთ ეს წერილი.

28

მადლი ჩვენი უფლის იესო ქრისტესი თქვენთან. ამინ.

1

ხოლო ჟამთა მათთჳს და წელთა, ძმანო, არა გჳჴმს მიწერად თქუენდა,

2

რამეთუ თქუენ თჳთ გამოწულილვით იცით, რამეთუ დღე იგი უფლისაჲ, ვითარცა მპარავი ღამისაჲ, ეგრეთ მოიწევის.

3

რამეთუ რაჟამს თქუან: „მშჳდობაჲ და კრძალულებაჲ“, მაშინ მეყსეულად მოიწიოს მათ ზედა მომსრველი, ვითარცა სალმობაჲ შობადისაჲ, და ვერ განერნენ.

4

ხოლო თქუენ, ძმანო, არა ხართ ბნელსა შინა, რაჲთა დღე იგი ვითარცა მპარავი გეწიოს თქუენ.

5

რამეთუ თქუენ ყოველნი შვილნი ნათლისანი ხართ და შვილნი დღისანი, და არა ვართ ღამისანი, არცა ბნელისანი.

6

აწ უკუე ნუმცა გუძინავს, ვითარცა-იგი სხუათა, არამედ მღჳძარე ვიყვნეთ და განვიფრთხოთ.

7

რამეთუ რომელთა-იგი სძინავნ, ღამე სძინავნ, და რომელნი-იგი დაითრვნიან, ღამე დაითრვნიან.

8

ხოლო ჩუენ, რამეთუ დღისანი ვართ ნაშობნი, განვიფრთხოთ, შევიმოსოთ ჯაჭჳ იგი სარწმუნოებისაჲ და სიყუარულისაჲ და ჩაფხუტი იგი სასოებისაჲ და ცხოვრებისაჲ.

9

რამეთუ არა შემქმნნა ჩუენ ღმერთმან რისხვისათჳს, არამედ შესაწევნელად ცხორებისა უფლისა ჩუენისა მიერ იესუ ქრისტესა,

10

რომელი მოკუდა ჩუენთჳს, რაჲთა, გინა თუ გუეძინოს გინა თუ გუეღჳძოს, ერთბამად მის თანა ვცხონდეთ.

11

ამისთჳს ნუგეშინის-სცემდით ურთიერთას და აღაშენებდით ურთიერთსა, ვითარცა-ეგე ჰყოფთცა.

12

ხოლო გლოცავთ თქუენ, ძმანო, იცნითმცა მშრომელნი იგი თქუენ შორის და წინამძღუარნი იგი თქუენნი უფლისა მიერ და მასწავლელნი იგი თქუენნი.

13

და უმეტესად შეჰრაცხენით იგინი სიყუარულით უფროჲს საქმისათჳს მათისა; და მშჳდობასა ჰყოფდით მათ თანა.

14

გლოცავ თქუენ, ძმანო, სწავლიდით უწესოთა მათ, ნუგეშინის-სცემდით სულმოკლეთა, თავს-იდებდით უძლურთა მათ, სულგრძელ იყვენით ყოველთა მიმართ.

15

ეკრძალენით, ნუუკუე ბოროტისა წილ ბოროტი ვისმე მიაგოთ; არმედ მარადის კეთილსა შეუდეგით ურთიერთარს და ყოველთა მიმართ.

16

მარადის გიხაროდენ.

17

მოუკლებელად ილოცევდით.

18

ყოველსა შინა ჰმადლობდით, რამეთუ ესე არს ნებაჲ ღმრთისაჲ ქრისტე იესუჲს მიერ თქუენდა მიმართ.

19

სულსა ნუ დაავსებთ.

20

წინაწარმეტყუელებათა ნუ შეურაცხ-ჰყოფთ.

21

ყოველივე გამოიცადეთ და უკეთესი იგი შეიკრძალეთ.

22

ყოვლისაგან საქმისა ბოროტისა განეშორენით.

23

ხოლო თავადმან ღმერთმან მშჳდობისამან წმიდა გყვენინ თქუენ ყოვლითა სრულებითა და ყოვლითა სიცოცხლითა, სული თქუენი, სამშჳნელი და გუამი უბიწოდ მოსლვასა მას უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა დაჰმარხენინ.

24

სარწმუნო არს, რომელმან-იგი გიჩინნა თქუენ, ვითარმედ და ყოსცა.

25

ძმანო, ილოცევდით ჩუენთჳსცა.

26

მოიკითხენით ძმანი ყოველნი ამბორის-ყოფითა წმიდითა.

27

გაფუცებ თქუენ უფალსა, წარუკითხეთ წიგნი ესე ყოველთა ძმათა წმიდათა.

28

მადლი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი თქუენ თანა. ამინ.

12345