ლოცვანი
აპლიკაცია

პირველი თესალონიკელთა მიმართ, თავი 1

1

პავლე, სილვანუსი და ტიმოთე - თესალონიკელთა ეკლესიას მამა ღმერთსა და უფალ იესო ქრისტეში: მადლი თქვენდა და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალი იესო ქრისტესაგან.

2

მარადის ვმადლობთ ღმერთს ყოველი თქვენგანისათვის და ჩვენს ლოცვებში გიხსენებთ.

3

გამუდმებით ვიგონებთ თქვენი რწმენის საქმეს, სიყვარულის ღვაწლს და მოთმინებას სასოებისას ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიმართ, ღვთისა და მამის წინაშე.

4

რადგანაც ვიცით თქვენი რჩეულება, ღვთის საყვარელო ძმანო.

5

ვინაიდან ჩვენი სახარება მარტოოდენ სიტყვით კი არ გეუწყათ, არამედ ძალით, სული წმიდითა და სრული დამაჯერებლობით; თუმცა თვითონვე იცით, რანი ვიყავით თქვენს შორის თქვენთვის,

6

ჩვენი და უფლის მიმბაძველნი რომ გახდით, რადგანაც ჭირმრავლობაში შეიწყნარეთ სიტყვა სული წმიდის სიხარულით.

7

ასე რომ, ყველა მორწმუნის ნიმუშად იქეცით მაკედონიასა და აქაიაში.

8

ვინაიდან თქვენს მიერ განივრცო სიტყვა უფლისა არა მარტო მაკედონიასა და აქაიაში, არამედ თქვენმა ღვთისმორწმუნეობამ ყველა სხვა მხარესაც უწია, ასე რომ, აღარაფერი გვაქვს სათქმელი.

9

რადგანაც თვითონვე გითხრობენ ჩვენზე, როგორი შემოსვლა გვქონდა თქვენთან, როგორ მოიქეცით ღვთის მიმართ კერპთაგან, რათა ემსახუროთ ცოცხალსა და ჭეშმარიტ ღმერთს,

10

და ელოდოთ ზეციდან მის ძეს, რომელიც აღადგინა მკვდრეთით, - იესოს, მომავალი რისხვისაგან ჩვენს მხსნელს.

1

პავლე და სილოანე და ტიმოთე ეკლესიასა თესალონიკელთასა ღმრთისა მიერ მამისა და უფლისა იესუ ქრისტესა: მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა და უფლისა იესუ ქრისტესა.

2

ვჰმადლობთ ღმერთსა მარადის თქუენ ყოველთათჳს, ჴსენებასა თქუენსა ვჰყოფთ ლოცვათა შინა ჩუენთა.

3

მოუკლებელად მოვიჴსენებთ თქუენთა მათ საქმეთა სარწმუნოებისათა და შრომასა სიყუარულისასა და მოთმინებასა მას სასოებისასა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა წინაშე ღმრთისა და მამისა ჩუენისა.

4

უწყოდეთ, ძმანო საყუარელნო ღმრთისანო, რჩეულებაჲ ეგე თქუენი,

5

რამეთუ სახარებაჲ ესე ჩუენი არა იყო თქუენდა მიმართ სიტყჳთ ხოლო, არამედ ძალითაცა და სულითა წმიდითა და გულ-სავსებითა მრავლითა, ვითარცა-იგი იცით, რაბამ ვიქმნენით ჩუენ თქუენდა მიმართ თქუენთჳსვე.

6

და თქუენ მობაძავ ჩუენდა იქმნენით და უფლისა, და შეიწყნარეთ სიტყუაჲ იგი ჭირსა შინა მრავალსა სიხარულითა სულისა წმიდისაჲთა,

7

ვიდრეღა იქმნენითცა თქუენ სახე ყოველთა მათ მორწმუნეთა, რომელნი არიან მაკედონიას შინა და აქაჲას.

8

რამეთუ თქუენ მიერ განეფინა სიტყუაჲ იგი უფლისაჲ არა ხოლო მაკედონიას შინა და აქაიას, არამედ ყოველთა ადგილთა სარწმუნოებაჲ თქუენი ღმრთისა მიმართ განჴდა, ვიდრემდის არღარა გჳჴმს ჩუენ სიტყუად რაჲმე.

9

მაგათ თჳთ გითხრან ჩუენთჳს, ვითარი შესლვაჲ გუაქუნდა თქუენდა მიმართ, და ვითარ მოიქეცით კერპთაგან ღმრთისა მიმართ მონებად ღმრთისა ცხოველისა და ჭეშმარიტისა

10

და მოლოდებად ძისა მისისა ზეცით, რომელი-იგი აღადგინა მკუდრეთით, იესუ, მჴსნელი ჩუენი, რისხვისა მისგან მომავალისა.

12345