ლოცვანი
აპლიკაცია

პირველი მეფეთა, თავი 8

1

როცა მოხუცდა სამუელი, ისრაელის მსაჯულებად თავისი შვილები დაადგინა.

2

მის პირმშოს სახელად ერქვა იოველი, ხოლო უმცროსს - აბია; ბეერ-შებაში მსაჯულობდნენ ისინი.

3

არ გაჰყვნენ შვილები მამის გზას, ანგარებას მისდევდნენ, ქრთამს იღებდნენ და სამართალს ამრუდებდნენ.

4

შეიკრიბა ისრაელის უხუცესობა და მივიდა სამუელთან რამათს.

5

უთხრეს: შენ მოხუცდი, შენი შვილები კი არ მიჰყვებიან შენს გზას. დაგვიდგინე ახლა მეფე, რომ სხვა ხალხების წესისამებრ განგვსჯიდეს.

6

არ მოეწონა ეს ამბავი სამუელს, როცა თქვეს, მეფე მოგვეციო მსაჯულად. მაშინ შეევედრა სამუელი უფალს.

7

უთხრა უფალმა სამუელს: შეისმინე ხალხის ყოველი სიტყვა, რასაც გეტყვის, რადგან შენ კი არ უარგყვეს, არამედ მე უარმყვეს თავიანთ მეფედ.

8

როგორც იქცეოდნენ იმ დღიდან, როცა ეგვიპტიდან გამოვიყვანე, დღემდე, როცა დამივიწყეს და უცხო ღმერთებს დაემონენ, ასევე გექცევიან შენც.

9

ახლა შეისმინე მათი სიტყვა, ოღონდ გააფრთხილე და აუხსენი უფლებები მეფისა, რომელმაც მათზე უნდა იმეფოს.

10

უთხრა სამუელმა უფლის სიტყვები ხალხს, მეფეს რომ მოითხოვდნენ მისგან.

11

უთხრა: აი, რა უფლებები ექნება მეფეს, რომელიც იმეფებს თქვენზე: წაიყვანს თქვენს შვილებს და თავის ეტლებთან და ცხენებთან დაიყენებს და ირბენენ მისი ეტლის წინ.

12

დანიშნავს მათ ათასისთავებად და ორმოცდაათისთავებად, თავის ყანის მხვნელებად და თავისი სამკალის მოსამკელად, თავისი საბრძოლო საჭურველისა და ეტლების მკეთებლებად.

13

აიყვანს თქვენს ასულებს მენელსაცხებლებად, მზარეულებად და პურის მცხობლებად.

14

წაგართმევთ საუკეთესო ყანებს, ვენახებსა და ზეთისხილის ბაღებს და თავის მორჩილებს დაურიგებს.

15

მეათედს აიღებს თქვენი ნათესებიდან და ვენახებიდან და თავის კარისკაცებსა და მორჩილებს უწყალობებს.

16

წაგართმევთ საუკეთესო ყმებს, მხევლებს, მსახურ ბიჭებს, სახედრებს და თავის საქმეზე ამსახურებს.

17

წაიღებს მეათედს თქვენი ფარიდან და თქვენც მისი ყმები გახდებით.

18

მაშინ მოჰყვებით წუწუნს თქვენს არჩეულ მეფეზე, მაგრამ არ მოგისმენთ უფალი.

19

არ დაუჯერა ხალხმა სამუელს. თქვეს: არა და არა, მეფე უნდა გვესვას,

20

ჩვენც ისეთები უნდა ვიყოთ, როგორც სხვა ხალხები არიან. ჩვენი მეფე განგვსჯის ჩვენ, წინ წაგვიძღვება და ჩვენი გულისთვის იბრძოლებს.

21

მოისმინა სამუელმა ხალხის ნათქვამი და შეატყობინა უფალს.

22

უთხრა უფალმა სამუელს: შეიწყნარე მათი სიტყვა და დაუდგინე მეფე. უთხრა სამუელმა ისრაელის კაცებს: წადით თქვენ-თქვენს ქალაქებში.

1

ხოლო რაჟამს დაბერდა სამოველ, დაადგინა ძენი მისნი მსაჯულად ისრაჱლსა ზედა.

2

და ესე სახელები არს ძეთა მისთა: პირმშო მისი იოელ, შემდგომი მისი აბა, მსაჯულნი ბერსაბესანი.

3

და არა ვიდოდეს ძენი იგი მისნი გზათა მისთა, არამედ შეუდგეს იგინი ანგაჰარებასა, მიიღებდეს ქრთამსა და სამართალი არა უყვიან.

4

და შეკრბა ყოველი ნათესავი ისრაჱლისა, მოვიდეს სამოველისა არმათემად.

5

და რქუეს მას: შენ, ესერა, დაბერებულ ხარ, და ძენი შენნი არა ვლენან გზათა შენთა. აწ მოგუეც ჩუენ მეფე, რათა სჯიდეს სამართალსა, ვითარცა სხუათა ნათესავთა არს!

6

და შეუძნდა სიტყუაჲ ესე სამოელს, რამეთუ რქუეს მას, ვითარმედ: მოგუეც მეფე, რომელი წინაგჳძღოდის ჩუენ! და ილოცვიდა სამოველ უფლისა მიმართ.

7

და უფალმან რქუა მას: ისმინე სიტყუაჲ ერისა მაგის, რამეთუ არა შენ შეურაცხ-გყვეს, არამედ მე, ვინათგან იყავ მათ ზედა მეფედ.

8

ყოველთა ზედა საქმეთა თჳსთა, ვინათგან მოვიყვანნეთ იგინი ეგჳპტით ვიდრე დღევანდელად დღედმდე, რამეთუ დამიტევეს მე და მსახურებდეს კერპთა უცხოთა, ეგრეცა შენ გიყვეს.

9

აწ შენ ისმინე მათი; აღთქმა დავდვა მათ შორის და უთხრა წესი და სამართალი სამეფო, რომელი მეფობდეს მაგათ ზედა.

10

და უთხრა სამოველ ყოველი იგი სიტყუაჲ ღმრთისა ერსა მას, რომელნი ითხოვდეს მისგან მეფესა.

11

და რქუა მათ: ესე წესი არს მეფისა, რომელი მეფობდეს თქუენ ზედა: მიგიხუნეს შვილნი თქუენნი და ყვნეს მჴედრებად, რომელნიმე მეეტლედ და წინამოცორვალად,

12

და რომელნიმე დაადგინნეს ათასისთავად და ასისთავად, მჴნველად და მომკალად, და მწველელად და მეზუერედ, და ყუნეს მათგანნი რომელიმე ჯაჭჳსმოქმედად და საჭურველისა.

13

და ასულნი თქუენნი მიგიხუნეს და ყვნეს საცხებელისმგბოლველ და მექოთნედ და მეპურე.

14

და მიგიღოს ყანები და ვენაჴები თქუენი და ზეთისხილები კეთილ-კეთილი და ნაყოფიერი, და მისცეს იგი მონათა თჳსთა.

15

და ნაყოფისაგანი ყანათა და ვენაჴთა თქუენთა ათეული მიიღოს, და მისთა საჭურისთათჳს და მონათა.

16

მონანი და მჴევალნი თქუენნი, მროწეულნი და კარაულნი და ჴარნი თქუენნი მოგიხუნეს და დაადგინნეს საქმესა მას სამეფოსა.

17

და საცხოვართა თქუენთა ათეული მიიღოს და იყვნეთ თქვენ მონად და მსახურად.

18

და ღაღადებდით მეფისა მის, და არა ისმინოს თქუენი უფალმან, რამეთუ თქუენ თჳთ გამოირჩიეთ მეფე.

19

და არა უნდა ერსა მას სმენად სიტყუაჲ იგი სამოველისა. მაშინ რქუეს მას: არა ეგრე არს, არამედ დაადგინე ჩუენ ზედა მეფე

20

და მორჩილ ვიყუნეთ მისა, ვითარცა სხუანი ნათესავნი და განგვიკითხევდეს ჩუენ მეფე და ბრძოდეს მტერთა ჩუენთა.

21

მაშინ ისმინა სამოველ სიტყუაჲ იგი მათი და უთხრა ყოველი უფალსა.

22

და რქუა უფალმან სამოველს: ისმინე მათი და დაადგინე მათ ზედა მეფე, რათა მეფობდეს მათ ზედა! და გამოვიდა სამოველ და უბრძანა ერსა მას: წარვედით თქუენთჳს ქალაქად!

12345678910111213141516171819202122232425262728293031