პირველი მეფეთა, თავი 28
იმ ხანებში იყო, რომ შეჰყარეს ფილისტიმელებმა მხედრობა ისრაელთან საომრად და უთხრა აქიშმა დავითს: იცოდე, ჩემთან ერთად გამოხვალთ ბანაკად შენ და შენი ხალხი!
უთხრა დავითმა აქიშს: ახლა გაიგებ, რას მოიმოქმედებს შენი მორჩილი. უთხრა აქიშმა დავითს: ამის გამო ჩემს მცველად დაგნიშნავ სამუდამოდ.
მოკვდა სამუელი, დაიტირა იგი მთელმა ისრაელმა და დამარხეს რამათში, თავის ქალაქში. განდევნა საულმა ქვეყნიდან მუცლითმეზღაპრენი და მჩხიბავნი.
შეიყარნენ ფილისტიმელები, მივიდნენ და შუნებში დაიბანაკეს. საულმაც შეჰყარა მთელი ისრაელი და გილბოაყში დაიბანაკეს.
როცა დაიხახა საულმა ფილისტიმელთა ბანაკი, შეეშინდა და ძლიერ შეუკრთა გული.
დაეკითხა უფალს საული, მაგრამ პასუხი არ გაუცია მისთვის უფალს, არც სიზმრად, არც ურიმისა და არც წინასწარმეტყველთა პირით.
უთხრა საულმა თავის მორჩილთ: მომიძებნეთ ქალი, მესულთანე, მივალ მასთან და ვამკითხვინებ. უთხრეს მსახურებმა: აჰა, ყენდორში არის მესულთანე ქალი.
სახე იცვალა საულმა, გადაიცვა სხვა სამოსელი, თან გაიყოლა ორი კაცი და მივიდა იმ ქალთან ღამით. უთხრა: მიმკითხავე მისნობით და ამომიხმე, ვისზეც გეტყვი.
უთხრა ქალმა: კარგად უწყი, რა გააკეთა საულმა, რომ მოსპო ამ ქვეყანაში მესულთანენი და მჩხიბავნი. მახეს რატომ მიგებ დასაღუპავად?
უფალი დაიფიცა საულმა: ცხოველ არს უფალი! ავი არაფერი შეგემთხვევა ამ საქმისთვის.
ჰკითხა ქალმა: ვინ ამოგიხმო? მიუგო: სამუელი ამომიხმე.
დაინახა სამუელი ქალმა და ხმამაღლა იყვირა: ასე უთხრა ქალმა საულს: რისთვის მომატყუე? საული ხარ შენ!
უთხრა მას მეფემ: ნუ გეშინია. რას ხედავ? უთხრა ქალმა საულს: სულს ვხედავ, მიწიდან ამომავალს.
ჰკითხა: როგორ გამოიყურება? მიუგო: მოხუცებული კაცია, ვინც ამოდის, მოსასხამი ბურავს. მაშინ მიხვდა საული, რომ სამუელი იყო იგი, მიწად დაიხარა და თაყვანისცა.
უთხრა სამუელმა საულს: რისთვის შემაწუხე, რომ ამომიყვანე? უთხრა საულმა: ძალიან მიჭირს. ფილისტიმელები მებრძვიან, ღმერთი კი განმიდგა და პასუხს აღარ მცემს, არც წინასწარმეტყველთა პირით და არც სიზმრებში. შენ ამოგიხმე, რომ მასწავლო, როგორ მოვიქცე.
უთხრა სამუელმა: მე რისთვის მეკითხები, როცა უფალი განგიდგა და მტრად გექცა?
ყველაფერს აგისრულებს უფალი, რაც ბრძანა ჩემი პირით; გამოგგლეჯს ხელიდან სამეფოს და მისცემს შენს თვისტომს დავითს.
რადგან არ ისმინე უფლის ხმა და არ აღასრულე უფლის რისხვა ყამალეკზე. ამიტომაც აღასრულებს დღეს უფალი შენზე თავის სიტყვას.
ისრაელსაც შენთან ერთად ჩაუგდებს უფალი ხელში ფილისტიმელებს. ხვალვე ჩემთან იქნებით შენ და შენი შვილები; ისრაელის ბანაკსაც ჩაუგდებს უფალი ხელში ფილისტიმელებს.
უცებ მთელი ტანით დაეცა მიწაზე საული, დიდად შეეშინდა სამუელის სიტყვებისა; ძალაც გამოლეოდა, რადგან მთელი დღე და ღამე არ ეჭამა პური.
მივიდა ის ქალი საულთან და როცა დაინახა, რომ დიდად შეშფოთებული იყო იგი, უთხრა: აჰა, ისმინა შენი ბრძანება შენმა მხევალმა და ხიფათში ჩაიგდო თავი.
ახლა შენც ისმინე შენი მხევლის სიტყვა: პურის ნაჭერს დაგიდებ წინ და შეჭამე, რათა ძალა მოიცე უკან წასასვლელად.
იუარა საულმა და თქვა: არ შევჭამ. როცა არ მოეშვნენ მისი მორჩილნი და ის ქალიც, დაჰყვა მათ ნებას. მიწიდან ადგა და საწოლზე ჩამოჯდა.
ჰყავდა იმ ქალს სახლში ნასუქალი ხბო; სასწრაფოდ დაკლა იგი, აიღო ფქვილი, ცომი მოზილა და ხმიადები გამოაცხო.
მიართვა საულს და მის მორჩილთ; მათაც ჭამეს. მერე ადგნენ და იმ ღამესვე წავიდნენ.
და იყო, მათ დღეთა შინა შეკრბეს უცხოთესლნი იგი წყობად ისრაიტელთა მათ. და ჰრქუა ანქუშ დავითს: უწყოდე, რამეთუ დღეს ჩემ თანა ყოფად ხარ ერითურთ შენით წყობად ისრაჱლისა!
და თქუა დავით: აქა ვარ, აწ სცან, რასა იქმოდის მონა შენი წინაშე შენსა! და ჰრქუა ანქუშ დავითს: მაგასა ზედა დაემტკიცე და ჴელმწიფედ უფალ-გყო შენ სახლსა ზედა ჩემსა ყოველთა დღეთა.
და მოკუდა სამოველ და დაიტყება ყოველმან ისრაჱლმან. და დაფლეს იგი არმათემს ქალაქსავე თჳსსა. და საულ მოსრა ყოველი მისანი გრძნეული და ულუკი სოფლისაგან თჳსისა ქვეყანასა ზედა.
და უცხოთესლნი იგი შეკრბეს და მოვიდეს და დაიბანაკეს სომანს, და შეკრბა ყოველი ერი ისრაჱლისა და დაიბანაკეს გელბუეს.
რაჟამს იხილა საულ ბანაკი იგი უცხოთესლთა, შეეშინა ფრიად და განვარდა გული მისი.
და იწყო კითხვად უფლისაგან და არა მიუგო მას უფალმან. და იკითხჳდა ჩუენებათაგან და წინასწარმეტყუელთა და არა ვინ ყო მისა სიტყჳსგება.
მაშინღა ჰრქუა საულ მონათა მათ თჳსთა: მიძიეთ მე დედაკაცი ერთი ულუკი, მივიდე და ვიკითხო მისგან სიტყუაჲ. და ჰრქუეს მონათა მისთა: აჰა, ესერა, არს დედაკაცი ერთი ულუკი აენდორსა შინა.
და შეიმოსა საულ სხუაჲ სამოსელი და ვერღარა საცნაურ იყო იგი მეფედ; და დაიბურა თავი თჳსი და თანაწარიყვანა ორნი მონანი. და მივიდა იგი დედაკაცისა მის ღამე და ჰრქუა დედაკაცსა მას: მიმისნე მე ულუკებითა შენითა და აღმოიყვანე ჩემს წინაშე, რომელსა ვეძიებ მე.
და ჰრქუა დედაკაცმან მან: შენ თჳთ უწყი, რაჲ ყო საულ, რამეთუ მოსრნა მან ყოველნი მეცნიერნი და მისანნი და ულუკნი და ქუეყანით მეტყუელნი. აწ შენ რად მოინადირებ სულსა ჩემსა, რათამცა მომაკუდინა მე?
ეფუცა მას საულ ღმრთისა მიმართ და ჰრქუა: ცხოველ არს უფალი ჩემი! არა შეგემთხჳოს შენ ბოროტი სიტყუასა ამას ზედა.
და ჰრქუა დედაკაცმან მან: ვინ აღმოვიყვანო შენდა? და ჰრქუა მას საულ: სამოველ აღმომგვარე მე!
და იხილა დედაკაცმან სიკრულასა მას შინა თჳსსა პირველად საულ, ჴმაო ჴმითა დიდითა დედაკაცმან და ჰრქუა საულს: რაჲსათჳს შემიტყუე მე, რამეთუ შენ თავადი თვით საულ ხარ?
მიუგო მეფემან დედაკაცსა მას და ჰრქუა: გარქვი შენ პირველვე, ვითარმედ, ნუ გეშინინ შენ, არამედ რა იხილო, მითხარ მე! რქვა დედაკაცმან საულს: ვხედავ მე კერპთა მრავალთა აღმომავალთა ქუეყანით.
და ჰრქვა საულ: რა გულისხმა-ყავ? რქვა დვდაკაცმან: ვხედავ მე კაცსა ერთსა მაღალსა აღმომავალსა ქუეყანით და ჩუდკეცი სამოსელი მოუბლარდნიეს მას! და გულისხმა-ყო საულ, ვითარმედ სამოველ იყო იგი, დადრკა ქუეყანასა ზედა და თაყუანი-სცა მას.
მიუგო სამოველ და ჰრქუა საულს: რასათჳს შემაურვე მე? აღმომიყვანე მე შენდა? მიუგო საულ და ჰრქუა: ურვილ ვარ მე ფრიად და უცხოთესლნი იგი მბრძვანან მე. და ღმერთმან განმაგდო მე ჴელთაგან მისთა და არა ისმინა ჩემი, ვკითხე ღათუ ჩუენებათა მიერ და წინაწარმეტყუელთა და უწყებათა მიერ, და არავე ისმინა ჩემი. ამისთჳს აღმოგიწოდე შენ, რათა მაუწყო მე, რა ვყო.
ჰრქუა სამოველ: რა გიჴმს შენ კითხვად ჩემდა, რამეთუ დაგიტევა შენ უფალმან ჴელთაგან თჳსთა და მოყუსისა შენისა თანა არს იგი?
და გიყო შენ უფალმან, ვითარცა-იგი გეტყოდა ჩემ მიერ. და განხეთქოს უფალმან ღმერთმან მეფობა შენი და მისცეს მოყუასსა შენსა დავითს!
რამეთუ არა ისმინე შენ ბრძანება იგი უფლისა და არცა დააცხრევ რისხვა გულისწყრომისა მისისა ამალეკსა ზედა. ამისთჳს ყო ეგე შენ ზედა უფალმან.
და მისცეს უფალმან შენითურთ ისრაჱლი უცხოთესლთასა და ხვალე ამას ჟამსა შენ და ძენი შენნი დაეცეთ პირითა მახჳლისათა, და ერი იგი ისრაჱლისა მიეცეს ჴელთა უცხოთესლთასა.
დაეცა საულ ქუეყანასა ზედა პირდაქცევით, რამეთუ ზარი გაჰჴდა მას სიტყუათა მათგან სამოველისათა, და ძილი არღარა იყო მის თანა, რამეთუ არცა ეჭამა რა მას დღესა და ღამესა, არცა ესვა რა.
და დედაკაცმან მან იხილა საულ, რამეთუ შეურვებულ იყო ფრიად და ჰრქუა მას: აჰა, ესერა, ისმინა მჴევალმან შენმან ჴმისა შენისა და შევიპყრენ სულნი იგი ჴელთა შინა ჩემთა და ვისმინენ სიტყუანი შენნი!
აწ შენცა ისმინე მჴევლისა შენისა, და დაგიგო პური და ჭამე, რამეთუ მოგზაურ ხარ შენ.
ხოლო მან არა ინება. და აწვევდეს მას მონანიცა იგი თჳსნი და დედაკაციცა იგი, და იგი არა ისმენდა ჴმასა მათსა. მაშინღა ადგა იგი და დაჯდა სავარძელთა ზედა.
და დაკლა დედაკაცმან ჴბო ერთი მწოვარი და შექმნა პური უფუველად ტაფილად.
და დაუგო იგი წინაშე მათსა, და ჭამეს იგი და წარვიდეს გზასა თჳსსა ღამე ყოელ.