საღამოს ლოცვები · 12 / 13
ლოცვა
სახიერო უფალო, შეუნდევ მოძულეთა და მაჭირვებელთა ჩვენთა. კეთილისმყოფელთა ჩვენთა კეთილი უყავ, ძმათა ჩვენთა, და თვისთაცა მომადლე საცხოვნებელი თხოვაი მათი, და ცხორება საუკუნო. რომელნი სნეულ არიან, დაიცევ და კურნება მიმადლე. რომელნი ზღვასა შინა იჭირვიან, შეეწიე. მოგზაურთა თანამავალ ექმენ. განაძლიერე ღვთივდაცული ერი ჩვენი და მეუფება მისი ბრძოლასა შინა. რომელნი გვიღვწვიან ჩვენ, და გვწყალობენ, მიმადლე მათ შენდობა შეცოდებათა. რომელნიცა ლოცვასა შემოვედრებულ არიან ჩვენ უღირსთასა, შეიწყალენ დიდითა შენითა წყალობითა. მოიხსენე, უფალო, პირველ გარდაცვალებულნი მამანი და ძმანი ჩვენნი, და განუსვენე მათ, სადა იგი მიხედავს ნათელი პირისა შენისა. მოიხსენე, უფალო, ძმანი ჩვენნი რომელნი ტყვეობასა შინა არიან, და იხსენ იგინი ყოვლისაგან განსაცდელისა.
მოიხსენე, უფალო, ნაყოფის მომრთმეველნი და კეთილისმოქმედნი წმიდათა ეკლესიათა შენთანი, და მიეც მათ საცხოვნებელი თხოვაი მათი, და ცხოვრება საუკუნო. მომიხსენე, უფალო, ჩვენცა. მდაბალნი და ცოდვილნი და უხმარნი მონანი შენნი და განანათლენ გონებანი ჩვენნი ნათლითა მეცნიერებისათა, სვლად გზასა მცნებათა შენთასა. მეოხებითა ყოვლად უხრწნელისა დედუფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისათა, და ყოველთა წმიდათა შენთათა, რამეთუ კურთხეულ ხარ შენ უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ (3–გზის)
უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა, შეგვიწყალენ ჩვენ. ამინ.