ტიტეს მიმართ, თავი 3
შეახსენე მათ, დაემორჩილონ მთავართა და ხელისუფალთ; მორჩილნი იყვნენ და ყოველგვარი კეთილი საქმისათვის მზადმყოფნი.
ნურავის ჰგმობენ, არამედ უშფოთველნი იყვნენ, შემწყნარებელნი და კეთილმოსურნენი ყოველი კაცის მიმართ.
ვინაიდან ოდესღაც ჩვენც უგუნურნი ვიყავით, ურჩნი, შეცდთმილნი, სხვადასხვა გულისთქმათა და განცხრომათა მონები, ბოროტებასა და შურში დანთქმულნი, ბილწნი და ურთიერთმოძულენი.
ხოლო როდესაც გამოჩნდა სიკეთე და კაცთმოყვარეობა ჩვენი მაცხოვრის - ღვთისა,
მან გვიხსნა არა ჩვენს მიერ აღსრულებულ კეთილ საქმეთა გამო, არამედ თავისი წყალობით, ხელახლა შობის განბანითა და სული წმიდის მიერ განახლებით,
რომელიც უხვად მოგვფინა ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტეს მიერ,
რათა მისი მადლით გამართლებულთ სასოებისამებრ დაგვემკვიდრებინა საუკუნო სიცოცხლე.
სარწმუნოა ეს სიტყვა, და მე მინდა, რომ მტკიცედ იდგე ამ აზრზე, რათა ღვთის მორწმუნენი გულმოდგინედ ცდილობდნენ კეთილ საქმეთა კეთებას, რაც სარგო და სასიკეთოა კაცთათვის.
ხოლო ფუჭ ძიებას, გვარტომობის ჩხრეკას, შუღლსა და დავას რჯულის თაობაზე თავი არიდე, რადგანაც ყოველივე ეს ურგებია და ამაო.
მწვალებელ კაცს, ერთი თუ ორი შეგონების შემდეგ, განეშორე.
იცოდე, რომ გარყვნილია და სცოდავს, თავისივე თავის მიერ დასჯილი.
როდესაც არტემასსა და ტიქიკოსს გამოგიგზავნი, ჩემსკენ გამოეშურე, ნიკოპოლისს, რადგანაც აქ გადავწყვიტე გამოზამთრება.
ხელი შეუწყვე რჯულის მოძღვარ ძენასისა და აპოლოსის გამომგზავრებას, რომ არაფერი მოაკლდეთ.
ჩვენიანებმაც ისწავლონ კეთილ საქმეთა კეთება გაჭირვებაში დასახმარებლად, რათა არ იყვნენ უნაყოფონი.
მოგიკითხავს ყველა, ვინც ჩემთანაა. მოიკითხე, ვისაც ვუყვარვართ რწმენაში. მადლი ყველა თქვენგანთან. ამინ.
მოაჴსენებდ მათ მთავრობათა და ჴელმწიფეთა დამორჩილებად და სარწმუნო-ყოფად და რაჲთა ყოვლისა მიმართ საქმისა კეთილისა განმზადებულ იყვნენ,
ნუმცა ვის ჰგმობენ, ულალვენ იყვნედ, სახიერ, ყოველსავე აჩუენებედ სიმშჳდესა ყოველთა მიმართ კაცთა.
რამეთუ ვიყვენით ოდესმე ჩუენცა უცნობელ და ურჩ, შეცთომილ და ვჰმონებდით გულის თქუმათა და გემოთა მრავალთა, უკეთურებასა და შურსა შინა ვიყვენით, შემაწუხებელ და მოძულე ურთიერთარს.
ხოლო რაჟამს სიტკბოებაჲ და კაცთ მოყუარებაჲ გამოჩნდა მაცხოვრისა ჩუენისა ღმრთისაჲ,
არა საქმეთაგან სიმართლისათა, რომელნი-იგი ვქმნენით ჩუენ, არამედ წყალობითა თჳსითა მიჴსნნა ჩუენ, ბანითა მით მეორედ შობისაჲთა, განახლებითა სულისა წმიდისაჲთა,
რომელი-იგი მოჰფინა ჩუენ ზედა მდიდრად იესუ ქრისტეს მიერ, მაცხოვრისა ჩუენისა,
რაჲთა განვმართლდეთ მადლითა მით მისითა და მკჳდრ ვიქმნნეთ სასოებასა მას ცხორებისა საუკუნოჲსასა.
სარწმუნო არს სიტყუაჲ; და მათთჳსცა მნებავს შენდა განმტკიცებად, რაჲთა ზრუნვიდენ კეთილთა საქმეთა ზედა დგომად მორწმუნენი ღმრთისანი: რამეთუ ესე არს კეთილ და სარგებელ კაცთა.
ხოლო სიცოფისათა მათ ძიებათა და ტომის რაცხათა და ჴდომათა და ლალვათა შჯულისათა განეშორე, რამეთუ არიან ურგებ და ამაო.
მწვალებელსა კაცსა შემდგომად ერთისა და ორისა სწავლისა განეშორე.
უწყოდე, რამეთუ გარდაგულარძნილ არს ეგევითარი იგი და ცოდავს და არს იგი თჳთ დაშჯილ.
ოდეს მოვავლინო შენდა არტემან ანუ ტჳქიკოს, ისწრაფე მოსლვად ჩემდა ნიკოპოლის, რამეთუ მუნ ვირჩიე დაზამთრებაჲ.
ზინან შჯულის მწერალი და აპოლო ადრე წარმოგზავნენ, და ნუმცა რაჲ აკლს მათ.
ისწავებდედ ჩუენნიცა იგი კეთილისა საქმესა წარდგინებად საჭიროთა მათთჳს საჴმართა, რაჲთა არა იყვნენ უნაყოფო.
გიკითხვენ შენ ჩემ თანანი ყოველნი. კითხვაჲ არქუ, რომელნი გუყუარობენ ჩუენ სარწმუნოებით. მადლი თქუენ ყოველთა თანა. ამინ.