ლოცვანი
აპლიკაცია

სოფონია წინასწარმეტყველი, თავი 1

1

უფლის სიტყვა, რომელიც გამოეცხადა სოფონიას, ძეს ქუშისა, ძისა გედალიასი, ძისა ამარიასი, ძისა ხიზკიასი, იუდას მეფის, იოშია ამონის ძის დროს:

2

ყველაფერს ავხვეტავ მიწის პირიდან, ამბობს უფალი.

3

ავხვეტავ კაცსა და პირუტყვს, გავხვეტავ ცის ფრინველს და ზღვის თევზებს, ცთუნებებს ბოროტეულებთან ერთად. მოვკვეთ კაცთა მოდგმას მიწის პირიდან, ამბობს უფალი.

4

ხელს მოვუღერებ იუდას და იერუსალიმის ყველა მკვიდრს; მოვკვეთ ამ ადგილიდან ბაალის ნატამალს, ქურუმთა სახსენებელს მღვდლებთან ერთად,

5

მათ, ვინც ბანებზე თაყვანს სცემენ ციურ ლაშქარს, ვინც თაყვანს სცემენ და უფალს იფიცავენ და თავიანთ მეფეს იფიცავენ;

6

მათ, ვინც განუდგნენ უფალს და აღარ ეძიებდნენ უფალს, და აღარ კითხულობდნენ.

7

იდუმე უფლის, ღვთის წინაშე, რადგან ახლოსაა უფროს დღე; რადგან გამზადებული აქვს მსხვერპლი უფალს, არჩეული ჰყავს სტუმრები.

8

დადგება საუფლო მსხვერპლის დღე და მსჯავრს დავდებ მთავრებს და უფლისწულებს და ყველას, უცხო სამოსელით შემოსილს;

9

მსჯავრს დავდებ იმ დღეს ყველას, ზღურბლის დამლახველს და თავიანთი უფლის სახლის მძლავრობითა და სიცრუით ამვსებელს.

10

გაისმება იმ დღეს, ამბობს უფალი, გოდების ხმა თევზთა კარიბჭიდან და მოთქმა საპირისპირო მხრიდან, დიდი უბედურების ამბავი მთაგორებიდან.

11

ივალალეთ, ხეობის მკვიდრნო, რადგან გადაშენდება ყოველი მოვაჭრე, ამოწყდება ყველა ვერცხლისმტვირთველი.

12

მაშინ იქნება, რომ ლამპარით მოვათვალიერებ იერუსალიმს და მსჯავრს დავდებ საკუთარ საფუარზე გაფუებულთ, გულში რომ ამბობენ: არც კარგს აკეთებს უფალი, არც ცუდსო.

13

განიავდება მათი ქონება და გაუკაცურდება მათი სახლები; ააშენებენ სახლებს და შიგ ვერ იცხოვრებენ; ჩაყრიან ვენახებს და მათ ღვინოს ვერ დალევენ.

14

ახლოს არის უფლის დიდი დღე, ახლოს არის და მოვა ძალიან მალე ხმა უფლის დღისა, და მწარედ იყვირებს მაშინ მაგარი ვაჟკაციც.

15

რისხვის დღეა ის დღე, ჭირისა და სიმწრის დღე, ნგრევისა და მოოხრების დღე, სიბნელისა და წყვდიადის დღე, ჯანღისა და ბურუსის დღე,

16

ბუკისა და ყიჟინის დღე ციხე-ქალაქთა და მაღალ კოშკთა წინააღმდეგ.

17

ხალხს შევაჭირვებ და ბრმებივით ივლიან, რადგან შესცოდეს უფალს; მტვერივით გაიფანტება მათი სისხლი და ნეხვივით - მათი ხორცი.

18

ვერც ვერცხლი, ვერც ოქრო ვერ იხსნის მათ უფლის რისხვის დღეს და მისი შურის ცეცხლი შთანთქავს მთელს ქვეყანას, რადგან ბოლოს მოუღებს უცაბედად ქვეყნის ყველა მკვიდრს.

1

სიტყუა უფლისაჲ, რომელი იქმნა სოფონიას მიმართ ხუსისისა, ძისა გოდოლიასსა, ძისა ამარიანისა, ძისა ეზეკიანისა - დღეთა შინა იოსიაჲსთა, ძისა ამმონისთა, მეფისა იუდაჲსთა.

2

მოკლებით მოაკლდინ პირისაგან ქუეყანისა, - იტყჳს უფალი.

3

მოაკლდინ კაცი და საცხოვარი. მოაკლდინ მფრინველნი ცისანი და თევზნი ზღჳსანი და მოუძლურდენ უთნონი და აღვიხუამ უსჯულოთა პირისაგან ქუეყანისა, - იტყჳს უფალი.

4

და განვიპყრა ჴელი ჩემი იუდას ზედა და ყოეელთა დამკჳდრებულთა ზედა იერუსალიმისათა და აღვიხუნე ადგილისა ამისგან სახელნი ბაალისნი და სახელნი მღდელთანი.

5

და რომელნი თაყუანის-სცემენ ბანებსა ზედა ძალსა ცისასა და რომელნი ფუცვენ სახელსა უფლისაჲსა მეფისა მიმართ მათისა და რომელნი მიდრკებიან უფლისაგან,

6

და რომელნი არ გამოეძიებენ უფალსა და რომელნი არა შეუდგან უფალსა.

7

შეშინდით პირისაგან უფლისა ღმრთისა მით, რამეთუ ახლოს არს დღე უფლისაჲ, რამეთუ განჰმზადა უფალმა მსხუერპლი თჳსი. წმიდა-ყუნა ჩინებულნი თჳსნი.

8

და იყოს დღესა შინა მსხუერპლისა უფლისასა და შურ-ვიგო მთავართა ზედა და სახლსა ზედა მეფისასა და ყოველთა შემოსილთა ზედა სამოსლებითა უცხოჲთა.

9

და შურ-ვიგო ყოველთა ზედა საჩინოქმნილთა წინაბჭეებთა ზედა მას დღესა შინა, აღმავსებელთა სახლისა უფლისა ღმრთისა მათისა უთნოობითა და ზაკჳთა.

10

და იყოს მას დღესა შინა, - იტყჳს უფალი, - ჴმაჲ ღაღადებისა ბჭისაგან მწერტელთაჲსა და ვალალაებისა მეორისაგან, და შემუსრვაჲ დიდი ბორცუთაგან.

11

გოდებდით დამამკჳდრებელნი დაჭრილსა, რამეთუ ემსგავსა ყოველი ერი ქანაანს, მოისპნეს ყოველნი აღმაღლებულნი ვეცხლითა.

12

და იყოს, მას დღესა შინა გამოვიძიო იერუსალჱმი ბაზმაკითა, და შურ-ვიგო მამაკაცთა ზედა შეურაცხისმყოფელთა ნამარხევთა ზედა მათთა, რომელნი იტყჳან გულთა შინა მათთა: არა კეთილი უყოს უფალმან, არცა უბოროტოს.

13

და იყოს ძალი მათი დასატაცებლად და სახლნი მათნი უჩინოსაქმნელად და აშენებდენ სახლებსა და არა დაიმკჳდრონ მათ შინა. დაჰნერგვიდენ ვენაჴებსა და არა სუან ღჳნოჲ მათი.

14

ახლოს არს დღე უფლისაჲ დიდი, ახლოს და მოსწრაფე ფრიად. ჴმაჲ დღისა უფლისაჲ მწარედ და ფიცხლად დაწესებულ არს ძლიერ.

15

დღე რისხვისა დღე იგი, დღე ჭირისა და სალმობისა. დღე საარებისა და უჩინოქმნისა, დღე ალმურისა და ბნელისა, დღე ღრუბლისა და ნისლისა,

16

დღე საყჳრისა და ღაღადებისა ქალაქთა ზედა მაგართა და ყურეთა ზედა მაღალთა.

17

და ვაჭირვო კაცთა და ვიღოდინ ვითარცა ბრმანი, რამეთუ შესცოდეს უფალსა და დასთხიოს სისხლი მათი მიწად, და დასთხიოს სისხლი მათი ქუეყანასა, და ჴორცნი მათნი ვითარცა სკორე.

18

და ვეცხლი მათი და ოქროჲ მათი ვერ შემძლებელ არს განრინებად მათდა დღესა შინა რისხვისა უფლისასა.

123