მალაქია წინასწარმეტყველი, თავი 2
ახლა თქვენთვის არის ეს მცნება, მღვდლებო:
თუ არ გაიგონებთ და გულში არ ჩაიდებთ მას, რომ პატივი მიაგოთ ჩემს სახელს, ამბობს ცაბაოთ უფალი, მოვავლენ თქვენზე წყევლას და დავწყევლი თქვენს კურთხევებს. დავწყევლე კიდეც, რადგან არ ჩაგიდევთ გულში.
აჰა, დაგიკავებთ თესლს და პირისახეზე დაგაყრით საკლავის განავალს, თქვენი დღესასწაულების განავალს, და თან წაიღებთ მას.
მიხვდებით, რომ მე გამოგიგზავნეთ ეს მცნება ლევიანებთან ჩემი აღთქმის შესანარჩუნებლად, ამბობს ცაბაოთ უფალი.
ჩემი აღთქმა მასთან სასიცოცხლოდ და სამშვიდობოდ იყო და მე მივეცი ეს მათ ჩემი შიშისათვის; რიდი ჰქონდათ ჩემი და ეკრძალვოდნენ ჩემს სახელს.
ჭეშმარიტი რჯული იყო მის პირში და უკეთურება არ იპოვებოდა მის ბაგეებში; მშვიდობით და სიმართლით დადიოდა ჩემს წინაშე და მრავალი მოაქცია ბოროტებისგან.
რადგან მღვდლის ბაგეები უნდა იმარხავდეს ცოდნას და მისი პირიდან უნდა მოელოდნენ რჯულს, რადგან ცაბაოთ უფლის მოციქულია იგი.
თქვენ კი გადაუხვიეთ გზიდან, ბევრი ააცდინეთ რჯულს და დაარღვიეთ ლევიანთა აღთქმა, ამბობს ცაბაოთ უფალი.
მეც საძულველად გაგხდით და დაგამცირებთ ყოველი ხალხის თვალში, რადგან არ დაიცავით ჩემი გზები და მიკერძოებას იჩენდით რჯულში.
განა ერთი მამა არა გვყავს ყველას? განა ერთმა ღმერთმა არ გაგვაჩინა? მაშ, რატომ ვმუხანათობთ ერთმანეთს? რომ შევლახოთ ჩვენი მამა-პაპის აღთქმა?
მუხანათობს იუდა და სისაძაგლე ხდება ისრაელში და იერუსალიმში, რადგან შელახა იუდამ უფლის სიწმიდე, რომელიც უყვარდა, და უცხო ღმერთის ასულს ექმრო.
მოიკვეთს უფალი იაკობის კარვებიდან ამის ჩამდენს - მღვიძარს და ხმისგამცემს და ძღვენის მიმტანს ცაბაოთ უფლისადმი.
აჰა, კიდევ რას აკეთებთ: ცრემლით აფარვინებთ სამსხვერპლოს, ტირილითა და კვნესით, ისე რომ ვეღარ ხედავს ძღვენს და კეთილგანწყობით ვეღარ იღებს თქვენი ხელიდან.
თქვენ ამბობთ: რისთვისო? იმისთვის, რომ მოწმე იყო უფალი შენსა და შენი სიყრმის ცოლს შორის, რომელსაც უღალატე; ის კი შენი მეგობარი და შენი აღთქმის ცოლი იყო.
არავინ ჩაიდენს ამას, ვისაც კი სულის ნატამალი შერჩენია. რას ითხოვს კაცი? შთამომავლობას ღვთისაგან. თქვენც გაუფრთხილდით თქვენს სულს და ნუ უღალატებთ სიყრმის ცოლს.
რადგან მძულს გაყრა, ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი, და თავისი სამოსელის ძალადობით დამფარველი, ამბობს ცაბაოთ უფალი, გაუფრთხილდით თქვენს სულს და ნუ იქნებით ღალატიანი.
დაღალეთ უფალი თქვენი სიტყვებით და ამბობთ: რითი დავღალეთო? იმით, რომ ამბობთ: ყოველი ბოროტმოქმედი კეთილად უჩნსო უფალს და ისინი უყვარსო მას, ან სად არისო სამართღის ღმერთი?
და აწ მცნებაჲ ესე თქუენდა მიმართ არს მღდელთა:
უკეთუ არა ისმინოთ და უკეთუ არა დაიდვათ გულსა შინა თქუენსა მიცემად დიდება სახელსა ჩემსა, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი, - და გამოვავლინო თქუენ ზედა წყევაჲ და დავწყეო კურთხევა თქუენი და დავწყეო იგი და განვიქარვო კურთხევა თქუენი და არა იყოს თქუენ შორის, რამეთუ თქუენ არ დაიდევით გულსა შინა თქუენსა.
აჰა, ესერა, მე მიგიღებ თქუენგან მჴარსა და განვჰყოფ ქუსეტსა პირთა თანა თქუენსა, ქუსეტსა დღესასწაულისა თქუენთასა და მიგიხუნე თქუენ მისდამი.
და შეემეცნნეთ, ვითარცა მე მოვავლინე თქუენდა მცნება ესე ყოფად აღთქმა ჩემი ლევიტელთა მიმართ, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი,
აღთქმაჲ ჩემი იყოს მის თანა სიცოცხლისა და მშჳდობისაჲ და მივეც მას შიშისა მიერ შეშინებად ჩემგან და პირისაგან სახელისა ჩემისა შეკდემულ-ყოფად მისდა.
შჯული ჭეშმარიტებისაჲ იყო პირსა შინა მისსა და უსამართლოებაჲ არა იპოვა ბაგეთა შორის მისთა. მშჳდობაჲ წარმმართებელი ვიდოდა ჩემ თანა და მრავალნი მოვაქციენ უსამართლოებისაგან,
რამეთუ ბაგენი მღდელისანი დაიცვენ მეცნიერებასა და შჯული გამოიძიონ პირისაგან მისისა, რამეთუ ანგელოზი უფლისა, ყოვლისა მპყრობელისა, არს.
ხოლო თქუენ მისდერკით გზისგან და უძლურ-ჰყვენით მრავალი შჯულსა შინა და განხრწენით აღთქმაჲ ლევისი, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი,
და მე მიგცენ თქუენ შეურაცხ-ქმნილად და უგულებელს-ყოფილად ყოველთა შორის წარმართთა. მით, რამეთუ თქუენ არ დაიცვენით გზანი ჩემნი, არამედ მიიღებდით პირთა შჯულსა შინა.
არა ღმერთმან ერთმან აღგაგნაა თქუენ, არა მამაჲ ერთი არსა თქუენ ყოველთა? რად, რამეთუ დაუტევეთ თითოეულმან ძმაჲ თჳსი, შეგინებად აღთქმასაცა მამათა თქუენთასა?
დატევებულ იქმნა იუდაჲ და საძაგელი იქმნა ისრაჱლსა შორის და იერუსალჱმსა შორის მით, რამეთუ შეაგინნა იუდამან წმიდანი უფლისანი, რომელნი შეიყუარნა მათ შორის და მომარჯუე იქმნა ღმერთთა მიმართ უცხოთა.
მოსპობს უფალი კაცსა მოქმედსა ამათსა. ვიდრემდის დამდაბლდესცა კარვებთაგან იაკობისათა და შემწირველთაგან მსხუერპლსა უფლისა, ყოვლისა მპყრობელისა,
და ამათ, რომელნი მძულდეს, ჰყოფდით. დაჰფარეთ ცრემლითა მსხუერპლისსაცავი ჩემი და ტირილითა და სულთქმითა შრომათაგან, რამეთუ ღირს არს მიხედვა მსხუერპლისა მიმართ ანუ მიღებად მისათუალველი ჴელთაგან თქუენთა.
და სთქუ: რაჲთა უფლისათჳს გელმა შორის შენსა და შორის ცოლისა სიჭაბუკისა შენისაჲსა, რაჲთ დაუტევე და ესე ზიარი შენი და ცოლი აღთქმისა შენისაჲ?
და არა სხუამან ქმნა და ქუემინაღებ სულისა მისისა? და სთქუთ რასა სხუასა, გარნა თესლსა ეძიებს უფალი. და დაიცევით სულთა შორის თქუენთა და ცოლსა სიჭაბუკისა შენისასა ნუ დაუტევებ,
არამედ უკუეთუ მომძულებელი განავლენ, - იტყჳს უფალი, ღმერთი ისრაჱლისაჲ, - და დაფაროს უთნოობაჲ გულისზრახვათა შენთა ზედა, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი, - და დაიცევით სულისა შორის თქუენისა და არდატევებულ იქმნეთ
განმაძჳნებელნი უფლისანი, სიტყუათა მიერ თქუენთა და სთქუთ: რასათჳს განვაძჳნეთ? თქუმასა შორის თქუენსა: ყოველი მოქმედი ბოროტთაჲ კეთილ წინაშე უფლისა და მათ შორის სათნო იყო მან, და სადა არს ღმერთი სიმართლისაჲ?