ლოცვანი
აპლიკაცია

იოველ წინასწარმეტყველი, თავი 1

1

უფლის სიტყვა, რომელიც იყო იოველ ფეთუელის ძის მიმართ:

2

ისმინეთ ეს, უხუცესებო! ყური დაუგდეთ ყველამ, ქვეყნის მკვიდრნო! თუ მომხდარა ეს თქვენს დროს ან თქვენი მამა-პაპის დროს?

3

უამბეთ თქვენს შვილებს, თქვენმა შვილებმა თავიანთ შვილებს, მათმა შვილებმა კი სხვა თაობას:

4

მუხლუხოს გადარჩენილი კალიამ შეჭამა, კალიას გადარჩენილი კუტკალიამ შეჭამა, კუტკალიას გადარჩენილი ბოცომკალმა შეჭამა.

5

გაიღვიძეთ, ლოთებო! იტირეთ და ივალალეთ, ღვინის მსმელნო, ყურძნის წვენის გამო, ბაგეს რომ მოგწყვიტეს!

6

რადგან მოადგა ჩემს ქვეყანას ძლიერი და ურიცხვი ხალხი, კბილები მისი ლომის კბილებია, ყბები ძუ ლომისა აქვს.

7

გამიჩანაგა ვენახი და გადამიხმო ლეღვი, ქერქი გააძრო და მიაგდო; გაუფითრდა ტოტები.

8

იტირე ძაძით მოსილი ქალწულივით, სიყრმის ქმარს რომ დასტირის!

9

შეწყდა შესაწირავი და საღვრელი უფლის სახლში; გოდებენ მღვდლები, უფლის მსახურნი.

10

გაჩანაგდა ყანები, გოდებს მიწა, რადგან გაოხრდა ხორბალი, გაშრა ღვინო, გახმა ზეთისხილი.

11

გაწბილდნენ მხვნელები, მოთქვამენ მიწისმუშაკები პურზე და ქერზე, რადგან დაიღუპა სამკალი.

12

გადახმა ვაზი და დაჭკნა ლეღვი, გახმა მინდორში ბროწეული, ფინიკი, ვაშლი და მთელი ხეხილი. ამიტომაც გაუშრა სიხარული ადამის ძეს.

13

შემოირტყით ჯვალო და იგლოვეთ, მღვდლებო! ივალალეთ, სამსხვერპლოს მსახურნო! წადით, ჯვალოში გაათიეთ ღამე, ჩემი ღვთის მსახურნო! რადგან შეწყდა თქვენი ღვთის სახლში შესაწირავი და საღვრელი.

14

დათქვით მარხვა, გამოაცხადეთ ჯარობა. შეყარეთ უხუცესნი, ქვეყნის ყოველი მკვიდრი უფლის, თქვენი ღვთის ტაძართან და უფალს შეღაღადეთ.

15

ვაი ჩვენს დღეს! რადგან ახლოვდება უფლის დღე და დაქცევასავით მოდის უზენაესისგან.

16

განა ჩვენს თვალწინ არ შეწყდა საზრდო და უფლის სახლში - სიხარული და ლხინი!

17

ჩალპა მარცვალი კოლბოხების ქვეშ, დაცარიელდა კალოები, დაინგრა ბეღლები რადგან გადახმა პური.

18

რად კვნესის პირუტყვი, რად ბღავის ნახირი? რადგან აღარ აქვთ საძოვარი, ცხვრის ფარაც შეშფოთებულია.

19

შენ შეგღაღადებ, უფალო, რადგან ცეცხლმა გადაჭამა უდაბნოს საძოვრები, ალმა გადაბუგა მინდვრის ხეები.

20

ველის მხეცებიც შენ შემოგყურებენ, რადგან დაიშრიტა წყლის სათავეები და ცეცხლმა გადაჭამა უდაბნოს საძოვრები.

1

სიტყუა უფლისა, რომელი იქმნა იოილის მიმართ, ძისა ბათოელისისა:

2

ისმინეთ ესე მოხუცებულთა და ყურად-იღედ ყოველთა დამკჳდრებულთა ქუეყანისათა: უკუეთუ იქმნეს ესევითარნი დღეთა შინა თქუენთა, ანუ შორის დღეთა მამათა თქუენთასა?

3

მათ ძლით შვილთა თქუენთა უთხრობდით, და შვილნი თქუენნი შვილთა მათთა და შვილნი მათნი ნათესავსა სხუასა.

4

ნეშტნი მგრაგნილისანი შეჭამნა მკალმან, და ნეშტნი მკლისანი შეჭამნა ბუზმან, და ნეშტნი ბუზისანი შეჭამნა გესლმან.

5

განიფრთხვეთ დამთრვალთა და ტიროდეთ, გოდებდით ყოველნი მსუმელნი ღჳნოსა სიმთრვალედ, რამეთუ მოღებულ არს პირისაგან თქვენისა შუება და მხიარულება,

6

რამეთუ ნათესავი აღვიდა ქუეყანასა ზედა ჩემსა ძლიერი და აღურაცხელი; კბილნი მისნი კბილნი ლომისანი და შუანი ლეკჳსა მისისანი.

7

დადვა ვენაჴი ჩემი უჩინოსაქმნელად და ლეღოანი ჩემი შესამუსრველად. გამომეძიებელმან გამოიძია იგი და განაგდო, განასპეტაკებდა რტოთა მისთა

8

გოდებად ჩემდამო სძლისათჳს, გარემორტყმულისა ძაძითა ქმარსა ზედა მისსა ქალწულებითგანსა.

9

აღებულ არს მსხუერპლი და შესაწირავი სახლსა შინა უფლისასა, იგლოვდით მღდელნი, მსახურნი საკურთხეველისანი,

10

რამეთუ საარებულ იქმნეს ველნი. გოდებდინ ქუეყანაჲ, რამეთუ მოუსუსურდა იფქლი, განჴმა ღჳნოჲ აღრეული, შემცირდა ზეთი.

11

განჴმეს მუშაკნი, იგლოვდით აგარაკნი დიკისა ძლით და ქრთილისა, რამეთუ წარწყმდა მსთულებელი ველისაგან.

12

ვენაჴი განჴმა და ლეღოვანი შემცირდეს, ბროწეული და ფინიკი და ვაშლი და ყოველნი ხენი ველისანი განჴმეს, რამეთუ არცხვენენ სიხარულსა ძენი კაცთანი.

13

გარემოირტყთ და იტყებდით მღდელნი, გოდებდით მსახურნი საკურთხეველთანი. დაიძინეთ ძაძათა ზედა, რომელნი ჰმსახურებთ ღმერთსა, რამეთუ განეყენა სახლისაგან ღმრთისა თქუენისა შესაწირავი და მსხუერპლი.

14

წმიდა-ყავთ მარხვაჲ, ქადაგეთ კურნებაჲ, შემოკრიბენით მოხუცებულნი ყოველნი დამკჳდრებულნი ქუეყანასა სახიდ უფლისა ღმრთისა ჩუენისა. ღაღაღდ-ყავთ უფლისა მიმართ შევრდომით:

15

ვაჲ მე, ვაჲ მე, ვაჲ მე დღისათჳს, რამეთუ ახლოს არს დღე უფლისაჲ და ვითარცა საარება საარებისაგან მოიწიოს.

16

წინაშე თუალთა თქუენთა ჭამადნი მოაკლდეს, სახლისაგან ღმრთისა ჩუენისა - შუება და სიხარული,

17

ჰკრთებოდეს დიაკეულნი ბაგათა ზედა მათთა, უჩინო იქმნეს საუნჯენი, დაითხარნეს საწნეხელნი, რამეთუ განჴმა იფქლი.

18

რაჲ დაუმარხოთ თავთა თჳსთა? ტიროდეს მროწეულნი ზროხათანი, რამეთუ არა იყო საძოარი მათი და სამწყსონი ცხოვართანი უჩინო იქმნეს.

19

შენდამი, უფალო, ჴმა-ვყო, რამეთუ ცეცხლმან განლინა შუენიერნი უდაბნოსანი, და ცეცხლმან აღანთნა ყოველნი ხენი ველისანი, და საცხოვართა ველისათა აღიხილეს შენდამი,

20

რამეთუ განჴმეს მოსატევებელნი წყალთანი და ცეცხლმან შეჭამა შუენიერება უდაბნოსაჲ.

123