ლოცვანი
აპლიკაცია

მეორე პეტრესი, თავი 2

1

იყვნენ ცრუ წინასწარმეტყველნიც ხალხში, ისევე, როგორც თქვენში იქნებიან ცრუმოძღვარნი, რომელნიც შემოიღებენ წარმწყმედ მწვალებლობას, უარყოფენ მათ გამომსყიდველ უფალს და მალე თვითონვე წარიწყმედენ თავს.

2

ბევრი გაჰყვება მათ თავაშვებულებას და მათი წყალობით დაიგმობა ჭეშმარიტების გზა.

3

ანგარებით აღძრულნი ცრუ სიტყვებით მოგისყიდიან, მაგრამ არ დაახანებს მათი სასჯელი და არ სძინავს წარწყმედას მათსას.

4

რადგან თუ ღმერთმა არ დაინდო შემცოდე ანგელოზები, არამედ ბნელეთის ბორკილებით შეკრა და ჯოჯოხეთში ჩაყარა ისინი განკითხვის დღემდე დასამარხავად;

5

თუ არც ძველი ქვეყანა დაინდო, არამედ იხსნა მხოლოდ სიმართლის ქადაგი - ნოე, რვა სულთან ერთად, როცა წარღვნა მოუვლინა უღმრთოთა ქვეყანას;

6

თუ გასწირა სოდომისა და გომორის ქალაქები, ფერფლად აქცია და მომავალ უღმერთოთა ნიმუშად დადო ისინი,

7

ხოლო მართალი ლოტი ურჯულოთა უგვანი ქცევით გაწამებული, იხსნა,

8

(ვინაიდან მათ შორის მცხოვრები ეს ალალ-მართალი ყოველდღე იტანჯებოდა თავისი მართალი სულით, როცა ხედავდა და ისმენდა მათ ურჯულოებას), -

9

მაშასადამე, იცის ღმერთმა, როგორ დაიხსნას ღვთისმოსავნი განსაცდლისაგან, უკეთურნი კი განკითხვის დღისათვის შემოინახოს განსასჯელად;

10

უპირატესად კი ბილწ ხორციელ ვნებებს აყოლილნი, უფლებათა შეურაცხმყოფელნი, თავხედნი, კადნიერნი და დიდებათა ურიდად მგმობნი.

11

მაშინ როდესაც თვით ანგელოზნი, მათზე უფრო ძლიერნი და ძალმოსილნი, მკრეხელურად არ განსჯიან მათ უფლის წინაშე.

12

ისინი კი, როგორც უგონო პირუტყვნი, მათივე ბუნებით დასაჭერად და გასაწყვეტად გაჩენილნი, გმობენ იმას, რაც არ ესმით და თავიანთი ხრწნილებით გაიხრწნებიან.

13

ასე მიიღებენ უსამართლობის საზღაურს, ნეტარებად რომ შეურაცხავთ ყოველდღიური განცხრომა; შესვრილნი და შებილწულნი თავიანთი სიცრუით ტკბებიან, როცა ილხენენ თქვენთან ერთად.

14

მათი თვალები სავსეა სიმრუშით და უძღები ცოდვით; გულხარბნი და ანგარების მოყვარენი აცთუნებენ უმტკიცო სულებს; ესენი არიან ძენი წყევლისა.

15

წრფელი გზა რომ დაუტევეს, შეცდნენ და შეუდგნენ ბალაამის, ბოსორის ძის, კვალს, რომელმაც შეიყვარა უსამართლობის საზღაური.

16

მაგრამ თავისი ურჯულოების მამხილებლად ექცა უტყვი სახედარი, რომელიც კაცის ხმით ამეტყველდა და ალაგმა წინასწარმეტყველის სიშლეგე.

17

ესენი არიან უწყლო წყარონი, ქარიშხლით დევნილი ღრუბლები, რომელთათვისაც გამზადებულია მარადიული უკუნი.

18

ვინაიდან თავიანთი მაღალფარდოვანი ფუჭსიტყვაობით ხორციელ გულისთქმათა სიბილწეში იტყუებენ იმათ, რომელნიც ოდნავ ჩამორჩნენ საცთურში დანთქმულთ.

19

თავისუფლებას აღუთქვამთ მათ, თვითონ მონები ხრწნილებისა. ვინაიდან ვინც რისაგან არის ძლეული, მისივე მონაა.

20

რადგან თუ ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს შემეცნების წყალობით ამქვეყნიური ბილწებისგან განრისხებულნი კვლავ იმავე ბილწებით ისვრებიან და დაიძლევიან, მათთვის ეს უკანასკნელი ყოფა უწინდელზეც უარესია.

21

უჯობდათ საერთოდ არ შეეცნოთ გზა სიმართლისა, ვიდრე შეცნობის შემდეგ უკუქცეულიყვნენ მათთვის მიცემული წმიდა მცნებისგან.

22

სწორედ მათზე თქმულა მართალი ანდაზა: ძაღლი მიუბრუნდა თავის ნარწყევს და ნაბანი ღორი კვლავ წუმპეში ჩაგორდა.

1

იყვნეს ცრუ-წინაწარმეტყუელნი ერსა შორის, ვითარცა-იგი თქუენ შორისცა ყოფად არიან ცრუ-მოძღუარნი, რომელთა შემოიღონ წვალებაჲ წარწყმედისაჲ და განმათავისუფლებელსა მათსა უფალსა უარ-ჰყოფდენ და მოიზიდვიდენ თავისა მათისათჳს მსთუად წარწყმედასა.

2

და მრავალნი შეუდგენ მათსა მას არაწმიდებასა, რომელთაგან გზაჲ იგი ჭეშმარიტებისაჲ იგმებოდის.

3

და ანგაჰრებითა და ტყუილისა სიტყჳთა თქუენ გვაჭრობდენ, რომელთა საშჯელი პირველითგან არა დასცხრების და წარსაწყმედელსა მათსა ჰრულის.

4

უკუეთუ ღმერთმან ანგელოზთა მათ შეცოდებულთა არა ჰრიდა, არამედ ჯაჭუებითა მით წყუდიადისაჲთა ტარტაროზსა შეაყენნა და მისცნა იგინი სატანჯველად და საშჯელად დამარხვად.

5

და პირველსა მას სოფელსა არავე ჰრიდა, არამედ მერვე ნოე, სიმართლისა ქადაგი, დაჰმარხა და წყლით რღუნაჲ იგი უღმრთოთა სოფელსა ზედა მოაწია.

6

და ქალაქები იგი სოდომელთა და გომორეველთაჲ დაწუა და დააქცია და დასაჯა და სახედ მერმეთა მათ უღმრთოთა დადვა.

7

და მართალი ლოთ, დაწუნებული უშჯულოთა მათ სიბილწით მრავალთაგან, იჴსნა.

8

რამეთუ ხედვითა და სმენითა მართალი იგი დამკჳდრებულ რაჲ იყო მათ შორის, დღითი-დღედ სული იგი მისი მართალი უშჯულოთა მათ საქმეთაგან იტანჯებოდა.

9

იცის უფალმან ღმრთის მსახურთა მათ განსაცდელთაგან ჴსნაჲ, ხოლო ცრუნი იგი დღესა მას საშჯელისასა ტანჯვასა შინა დაჰმარხნეს.

10

უფროჲს-ღა, რომელნი-იგი კუალსა მას ჴორცთა გულის თქუმისასა სიბილწით შეუდგან და უფლებასა შეურაცხ-ჰყოფენ, კადნიერნი და თავჴედნი, დიდებათათჳს არა ძრწიან, არამედ ჰგმობენ.

11

სადა-ღა ანგელოზნი, რომელნი ძლიერებითა და ძალითა უფროჲს არიან, არა მოაწევენ მათ ზედა საშჯელსა გმობისასა უფლისა მიერ.

12

ხოლო ესენი, ვითარცა პირუტყუნი საცხოარნი, შობილნი ბუნებით მოსასრველად და განსარყუნელად, რომელთა-იგი უმეცარ არიან, ჰგმობენ, ხრწნილებასა მათსა შინა განიხრწნენ.

13

და მოიღონ სასყიდელი სიცრუისაჲ. გულის თქუმაჲ იგი შეურაცხიეს, ვითარცა დღე შუებისაჲ. შეგინებულნი და ბილწნი იშუებენ საცთურსა შინა მათსა და თქუენ თანა-შეგცხრებიან.

14

თუალნი ასხენ სავსენი მრუშებითა და დაუცხრომელითა ცოდვითა და აცთუნებენ სულთა დაუმტკიცებელთა, გულნი ჰქონან წურთილნი ანგაჰრებითა, შვილნი წყევისანი.

15

დაუტევეს წრფელი იგი გზაჲ, შესცთეს და შეუდგეს გზასა მას ბალამ ბოსორელისასა, რომელმან-იგი სასყიდელი სიცრუისაჲ შეიყუარა.

16

მამხილებელად აქუნდა თჳსისა უშჯულოებისა კარაული უტყჳ, კაცობრივითა ჴმითა მეტყუელი, რომელმან დააბრკოლა წინაწარმეტყუელისა იგი უგუნურებაჲ

17

ესენი არიან წყარონი ურწყულნი, ღრუბელნი არმურისა მიერ მიმოტაცებულნი, რომელთათჳს წყუდიადი იგი ბნელი საუკუნოჲ დამარხულ არს.

18

რამეთუ გარდარეულად ამაოებისა ზრახვითა მიიზიდვენ გულის თქუმასა ჴორცთა ბილწებისასა, რომელნი-იგი ჭეშმარიტებით ლტოლვილ არიან და რომელნი-იგი საცთურსა შინა იქცევიან.

19

თავისუფლებასა აღუთქუმენ მათ და იგინი თჳთ მონა არიან ხრწნილებისა, რამეთუ რომლისაგანცა ვინ ძლეულ არნ, მისდაცა დამონებულ არნ.

20

რამეთუ რომელნი-იგი განერნეს შეგინებათაგან ამის სოფლისათა მეცნიერებითა უფლისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, მათვე კუალად აღერინეს და იძლინეს, ექმნა მათ უკუანაჲსკნელი იგი უძჳრეს პირველისა.

21

უმჯობეს იყო მათდა, ეცნავე თუმცა არა გზაჲ იგი სიმართლისაჲ, ვიდრე ცნობასა და მართლუკუნ ქცევასა მოცემულისა მისგან მათდა წმიდისა მცნებისა.

22

შეემთხჳა მათ ჭეშმარიტისა მისებრ იგავისა: ძაღლი მიექცა ნათხევარსა თჳსსა და ღორი ინწუბა სანგორელსა მწჳრისასა.

123